კონკურსი საპროექტო წინად.მისაღებად ქალთა გაძლიერების მიზნით
"გაეროს ქალთა ორგანიზაცია" აცხადებს კონკურსს საპროექტო წინადადებების მისაღებად ქალთა გაძლიერებისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით სათემო ინიციატივების მხარდასაჭერად ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იწვევს საპროექტო წინადადებების წარსადგენად. კონკურსი ტარდება ერთობლივი პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის" მეორე ფაზის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით და გაეროს საქართველოს თემატური ფონდის - სამოქალაქო სივრცის მხარდაჭერით ახორციელებს.
რა მიმართულებებს მოიცავს საპროექტო წინადადებების კონკურსი?
განმცხადებლებმა უნდა შეარჩიონ შემდეგი ოთხი მიმართულებიდან სულ მცირე ორი:
- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მხარდაჭერა: ქალთა და გოგოებისა ინფორმირება და მზარდაჭერა საკუთარი უფლებებისა და დახმარების მიღების გზების შესახებ, გადამისამართება და დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებებზე წვდომის ხელშეწყობა.
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერება: დასაქმების, თვითდასაქმების, მეწარმეობისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების ხელშეწყობა, მათ შორის უნარების განვითარებით, მენტორობითა და პრაქტიკული მხარდაჭერით.
- ზრუნვის პასუხისმგებლობების მქონე ქალთა მხარდაჭერა: იმ ბარიერების შემცირება, რომლებიც ქალებს დასაქმებაში, განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაში უშლის ხელს, მათ შორის პრაქტიკული დახმარებისა და სათემო მხარდაჭერის გზით.
- ციფრული წიგნიერება და ონლაინ უსაფრთხოება: ციფრული უნარების, ინფორმაციის კრიტიკული შეფასებისა და დეზინფორმაციისა და ონლაინ მანიპულაციის ამოცნობის შესაძლებლობების განვითარება.
ორგანიზაციებს შეუძლიათ შეარჩიონ ორზე მეტი მიმართულება და იმუშაონ ერთ ან რამდენიმე სამიზნე რეგიონში, შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსების არსებობის შემთხვევაში.
ვის მხარდაჭერაზე უნდა იყოს მიმართული ინიციატივები?
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, სოფლად მცხოვრებ ქალებსა და სხვა ჯგუფებს, რომლებიც დამატებით ბარიერებს აწყდებიან.
- თითოეული შერჩეული კომპონენტის ფარგლებში, თითოეულ შერჩეულ რეგიონში საქმიანობამ უნდა მოიცვას სულ მცირე 150 ქალი ან/და გოგო, კომპონენტის სამიზნე ჯგუფის შესაბამისად. ზრუნვის კომპონენტში მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ზრუნვის პასუხისმგებლობები.
- თითოეულ კომპონენტში მონაწილეთა სულ მცირე 20% უნდა წარმოადგენდეს მოწყვლად ჯგუფებს. ძალადობის პრევენციისა და ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტებში მოცული ქალების სულ მცირე 20%, ხოლო ციფრული წიგნიერების კომპონენტში მონაწილეთა სულ მცირე 30% უნდა იყოს 18-29 წლის ახალგაზრდა ქალი.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც:
- არიან ოფიციალურად რეგისტრირებული და აქვთ საქართველოში საქმიანობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება;
- აქვთ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განვითარების საკითხებზე მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება;
- ბოლო 7 წლის განმავლობაში განახორციელეს მსგავსი ღირებულებისა და სირთულის სულ მცირე 2 ხელშეკრულება;
- დაფუძნებული არიან შერჩეულ სამიზნე რეგიონში ან აქვთ ამ რეგიონში პროგრამების განხორციელების დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება.
- შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება სამიზნე რეგიონებში დაფუძნებულ ორგანიზაციებს.
- დასაშვებია ერთობლივი ან კონსორციუმის განაცხადები. კონსორციუმის წევრთა გამოცდილება ჯამურად იქნება გათვალისწინებული, თუმცა თითოეულმა წევრმა უნდა დააკმაყოფილოს რეგიონში წარმომადგენლობის ან გამოცდილების მოთხოვნა. პარტნიორთა როლები და პასუხისმგებლობები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული.
ბიუჯეტი და განხორციელების ვადები:
წარდგენილი საპროექტო წინადადების ბიუჯეტი უნდა იყოს 10, 000-26, 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
ინიციატივების განხორციელება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2026 წლის 23 ნოემბრისა და დასრულდეს 2027 წლის 15 აპრილამდე. პროექტის ხანგრძლივობაა ხუთი თვე.
მოთხოვნები გუნდისთვის
გუნდში უნდა შედიოდეს პროექტის მენეჯერი და თითოეული შერჩეული კომპონენტის შესაბამისი თემატური ექსპერტი.
პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან მისი ეკვივალენტი, სულ მცირე 3-წლიანი შესაბამისი გამოცდილება გენდერული თანასწორობის პროექტების განხორციელებაში, ადგილობრივ თემებში ქალებთან მუშაობაში, ტრენინგებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში, ასევე თავისუფლად ფლობდეს ქართულ ენას.
თემატურ ექსპერტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება და შერჩეული საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. დეტალური მოთხოვნები მოცემულია ტექნიკურ დავალებაში.
განაცხადის წარდგენა:
საპროექტო წინადადებების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ:
- საპროექტო წინადადება, რომელშიც მითითებულია სულ მცირე ორი შერჩეული კომპონენტი და სამიზნე რეგიონი ან რეგიონები;
- 5-თვიანი სამუშაო გეგმა — მეთოდოლოგია, აქტივობები, ვადები და მოსალოდნელი შედეგები;
- შემოთავაზებული საქმიანობისა და გეოგრაფიული მოცვის დასაბუთება;
- შესაბამისი ბიუჯეტი;
- გუნდის შემადგენლობა და წევრთა განახლებული რეზიუმეები (CV);
- საკვალიფიკაციო მოთხოვნების, რეგიონული გამოცდილებისა და პროექტის განხორციელების შესაძლებლობების დამადასტურებელი მასალები.
წინადადებები შეფასდება მათი ხარისხის, განხორციელებადობისა და შერჩეულ კომპონენტებთან შესაბამისობის მიხედვით.