კონკურსი ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის
«ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო»-ს შვილობილი კომპანია «ენ.ეფ.კო», ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის «მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის - აღმოსავლეთით III ფაზა» ფარგლებში, ევროპის 2026 წლის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულთან (EUSEW 2026) დაკავშირებით, აცხადებს კონკურსს ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად.
კონკურსის მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროების, მათ შორის კლიმატსა და ენერგეტიკას შორის ურთიერთკავშირის, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ ჟურნალისტური მასალების შექმნის წახალისების მიზნით, ამ თემების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსი ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის
საკონკურსო ნამუშევრები:
კონკურსზე მიიღება ონლაინ მედიაში და სოციალურ მედია პლატფორმებზე გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალები, რომლებიც ეხება კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ტექნოლოგიების თემებს.
საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგენდეს დასრულებულ ჟურნალისტურ მასალას, მომზადებული შემდეგი ფორმატებიდან ერთ-ერთში:
- ვიდეო სიუჟეტი ან ვიდეო რეპორტაჟი;
- ჟურნალისტური ე.წ. პოდკასტი ან თემატური აუდიო/ვიდეო საუბარი (ინტერვიუ, საუბარი თემაზე, ჟურნალისტური დიალოგი).
ნამუშევარი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, რეალურ მაგალითებს, რესპონდენტების მოსაზრებებს ან ექსპერტულ შეფასებებს და უნდა წარმოადგენდეს ჟურნალისტურად დამუშავებულ მასალას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ თემებზე. ასევე, მასალა უნდა ასახავდეს რეალურ პრობლემებს, გამოწვევებს, ინიციატივებს, გამოცდილებებს ან მიღწეულ შედეგებს კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენს სრულფასოვან ჟურნალისტურ ნამუშევარს. მოკლე ფორმატის ვიდეოები, რომლებიც არ წარმოადგენს ჟურნალისტურ სიუჟეტს, რეპორტაჟს, ინტერვიუს ან დისკუსიას, კონკურსზე არ დაიშვება.
ტექნიკური მოთხოვნები:
- ნამუშევარი უნდა იყოს ქართულ ენოვანი, ან ქართულად გახმოვანებული ანდა ქართული სუბტიტრირებით; არანაკლებ 3 წუთისა და არაუმეტეს 20 წუთისა;
- ერთ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 ნამუშევარი;
- თითოეული ნამუშევარი ცალკე განაცხადით უნდა იყოს წარმოდგენილი.
კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი მედია კონტენტის შემქმნელებს, რომლებიც ქმნიან ჟურნალისტურ მასალას ონლაინ პლატფორმებისთვის.
შეფასების კრიტერიუმები:
- თემის აქტუალობა და შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან;
- ჟურნალისტური ხარისხი და პროფესიული ეთიკა;
- ინფორმაციის სიზუსტე და წყაროების მრავალფეროვნება;
- ორიგინალურობა და შემოქმედებითი მიდგომა;
- საკითხის სიღრმისეული ანალიზი და თემის სრულყოფილად წარმოჩენა;
- ინფორმაციის მკაფიო, გასაგები ფორმით გადმოცემა, რაც უზრუნველყოფს მასალის ადვილად აღქმას აუდიტორიის მიერ;
შეფასების პროცესი:
ნამუშევრებს შეაფასებს ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მედიისა და კომუნიკაციის სფეროს სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური.
საკონკურსო თემები:
კონკურსზე წარმოდგენილი ჟურნალისტური ნამუშევარი უნდა ეხებოდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მიმართულებას:
- განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა - ინიციატივები, ტექნოლოგიები და პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს სათბურის აირების ემისიების შემცირებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას, ენერგიის დაზოგვასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას;
- კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და მედეგობა - ბუნებრივი საფრთხეების (გვალვა, წყალდიდობა, მეწყერი, ძლიერი ქარი და სხვა) ზემოქმედების შემცირება, საადაპტაციო ღონისძიებების განხორციელება და ადგილობრივი თემების მედეგობის გაძლიერება;
- ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება - უსაფრთხო, საიმედო, ხელმისაწვდომ და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე წვდომის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური შენობებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, მოსახლეობის ენერგოდანახარჯების შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება;
- კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა - ამ სფეროებს შორის ურთიერთკავშირი, მდგრადი განვითარების პრინციპები, მწვანე ეკონომიკა, დეკარბონიზაცია და რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - მედიის, განათლების, სამოქალაქო საზოგადოების, სპეციალისტებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების როლი კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის საკითხების პოპულარიზაციაში.
გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება
2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის საკონკურსო ჟიური გამოავლენს კონკურსის გამარჯვებულებს. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ ფულად ჯილდოს:
- I ადგილი - 500 ევროს ექვივალენტი ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
- II ადგილი - 300 ევროს ექვივალენტი ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
- III ადგილი - 250 ევროს ექვივალენტი ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
აღნიშნული თანხები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სხვა აუცილებელ გადახდას.
ვადები:
- საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც გამოქვეყნდა 2026 წლის 1 მარტი 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
- განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 14 სექტემბერი
- გამარჯვებულების ოფიციალური გამოცხადება და დაჯილდოება გაიმართება სპეციალურ ცერემონიაზე, რომლის თარიღი წინასწარ ეცნობება მონაწილეებს.
განაცხადის წარდგენის წესები:
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (URL);
- გამოქვეყნების თარიღი;
- მედიის ან ონლაინ პლატფორმის დასახელება;
- ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა და/ან ტელეფონი).
- წარმოდგენილი ნამუშევარი არის კონკურსანტის მიერ შექმნილი და მასზე საავტორო უფლებები არ არის შეზღუდული.
განაცხადის წარდგენით კონკურსანტი ადასტურებს, რომ:
- წარმოდგენილი ნამუშევარი მისი ავტორობითაა შექმნილი;
- მასზე საავტორო უფლებები არ არის შეზღუდული;
- ორგანიზატორს უფლება აქვს კონკურსის პოპულარიზაციის მიზნით გაავრცელოს ნამუშევრის ბმული და მოკლე აღწერა ავტორის მითითებით.
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის - აღმოსავლეთით III ფაზა" ფარგლებში.